კულტურა და ტრადიციები

Saturday, November 30, 2013

კულტურა და ტრადიციები

                                        
  მოგესალმებით, მე ნანა ვარ. ეს ჩემი პირველი ბლოგია, გამოგიტყდებით სრულიად გამოუცდელი ვარ ამ სფეროში. წერა ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ჩემთვის ვწერდი, ჩემთვის და არა საჯაროდ. ახლა კი ძალიან რთული ამოცანის პირისპირ აღმოვჩნდი  - ჩემი ჩანაწერები უნდა გავასაჯაროო..  ვეცდები არ დავიკარგო ამ უცნობ სამყაროში.. ამაში კი თქვენი შენიშვნები უნდა დამეხმაროს. ყველას მადლობას გიხდით ვინც მცირეოდენი დრო და ყურადღება დაუთმო ჩემს ბლოგს.

     ჩემი თემის სახელწოდებაა - „კულტურა და ტრადიციები“.  მინდა გამოვკვეთო და ერთმანეთს შევადარო სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და მის საფუძველზე აღმოცენებული ტრადიციები. მასალა მოპოვებულია ინტერნეტიდან და წიგნიდან „კულტუროლოგია“  (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემლობა 2003წ.) 

                                                                           
 კულტურა და კულტურული ფასეულობები მას შემდეგ არსებობს რაც პირველი ადამიანი მოევლინა დედამიწას. კულტურა ადამიანთან ერთად წარმოიშვა და მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყველა ადამიანს თავისი კულტურა აქვს, იგი განსხვავებულია არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ ეროვნული ნიშნით, ამიტომაცაა რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები განსხვავებული კულტურით ხასიათდებიან. განსხვავებულია აგრეთვე მათი შეხედულებები კულტურის სათავეების თაობაზე.
  
ბერძნებს მაგალითად, ეჭვიც არ ეპარებოდათ იმაში, რომ კაცთა მოდგმა, კულტურული სამყარო მათგან იღებდა სათავეს, ბერძნებზე ადრე მსგავსი წარმოდგენა ჰქონდათ ეგვიპტელებს. ისინი მხოლოდ თავიანთ თავს თვლიდნენ ნამდვილ ადამიანებად. ესკიმოსებიც მხოლოდ თავიანთ თავს უწოდებდნენ „ინუისებს“ ანუ ადამიანებს. ცის ქვეშეთში ბატონობის პრეტენზიას ჩინელებიც არავის უთმობდნენ.  ამრიგად ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა კულტურულ სხვაობებზე დაფუძნებული ზნეობრივი კატეგორიები - „ჩვენ“ და „ისინი“. ვფიქრობ ადამიანთა დიფერენცირების პირველი ხერხიც (პირველყოფილ საზოგადოებაში) სწორედ ეს გახლდათ, - განსხვავებული ქცევის წესი, განსხვავებული კულტურა რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო ეროვნულ-განმასხვავებელი ნიშნების ჩამოყალიბებას, რომელთა ნიადაგზეც აღმოცენდა სხვადასხვაგვარი, ზოგ შემთხვევაში კი საკმაოდ უცნაური ტრადიცია.  


 დღეს მსოფლიოში უამრავი ერთმანეთისაგან განსხვავებული და უჩვეულო ტრადიცია არსებობს, თითოეული მათგანი ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კულტურის, რელიგიისა თუ ცრურწმენების შედეგად წარმოიშვა, რის გამოც იგი სხვა კულტურის წარმომადგენლებისათვის შესაძლოა უცნაური, სახალისო ან ზოგჯერ მიუღებელიც კი იყოს. სტუმართმოყვარე  ქართველებისათვის ალბათ ძალიან ცუდ ტონად აღიქმება ამერიკელების ტრადიცია, რომლის თანახმადაც მამაკაცმა რესტორანში მანდილოსანს ფული არ უნდა გადაუხადოს. როგორც ამერიკელები თვლიან, ამით მამაკაცი ხაზს უსვამს თავის ფინანასურ შესაძლებლობებს, რაც მანდილოსნის უპატივცემულობად ითვლება.
   კულტურული თუ ტრადიციული განსახვავებების თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად რამოდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ. 
  •        ჩინეთში არ არის გამართლებული დიასახლისისთვის ყვავილების ჩუქება, რადგან იგი ჩათვლის რომ მისი სახლი უშნოდ მიიჩნიეს და მოსართავები მიუტანეს.  


  •            საბერძნეთში არ არის სასურველი სტუმრად მყოფმა მასპინძლის რაიმე ნივთის (მაგ: ლარნაკის ან სურათის) შესახებ გამოთქვას მოწონება თუ აღფრთოვანება, რადგან დიასახლისი იძულებული გახდება დაასაჩუქროს აღფრთოვანებული სტუმარი.


  •         ნორვეგიაში არ არის მიღებული ტრანსპორტში მოხუცისათვის ადგილის დათმობა, რადგან ითვლება, რომ ამით ხაზი ესმება საკუთარ ფიზიკურ უპირატესობას.


  •    შუა აზიაში   სტუმრები ჩაის მცირე პორციებით სვამენ და არასოდეს ცლიან ფინჯანს ბოლომდე, რადგან ითვლება, რომ თუ ფინჯანს დაცლი უნდა წახვიდე. თუკი ფინჯანში მესამედი ჩაი მაინც ასხია, ესეიგი საუბრის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, დიასახლისი კი ვალდებულია აკონტროლოს ჩაის დონე ფინჯანში და საჭიროების შემთხვევაში შეავსოს იგი.    
  •  ინდოეთში მიუღებელია მადლობის თქმა ოჯახურ წრეში რადგან ითვლება, რომ ოჯახის წევრები არ არიან ვალდებულნი მადლობა გადაუხადონ ერთმანეთს.

  •    ფინეთში არ არის გამართლებული ქათინაურის საჯაროდ თქმა, რადგან მიიჩნევა, რომ        ასეთი ქათინაური არ არის გულწრფელი

  •      ზოგიერთ ქვეყანაში არ არის გამართლებული ჭურჭლის რეცხვა სხვის სახლში, რადგან ითვლება, რომ ამით სტუმარი მასპინძლის ბედნიერებას წყალს ატანს.


  



 მოყვანილი მაგალითები ხაზს უსვამს სხავადასხვა ქვეყნის განსხვავებულ კულტურულ ღირებულებებს, რომლებიც ქმნიან კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ქცევის ზოგად წესს, რომელიც შინაგანი რწმენის საფუძველზე ყალიბდებდა და შესასრულებლად სავალდებულოა ყველასათვის. განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული ტრადიციები და კულტურა არაერთი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს, ჩემი აზრით ყველაზე რთული სწორედ ამგვარი კონფლიქტების აღმოფხვრაა. ძალიან ძნელია ადანიანს შინაგანი რწმენის საფუძველზე ჩამოყალიბებული ქცევის წესი შეაცვლევინო, დათმობებზე წაიყვანო მაშინ, როცა საკუთარი პოზიციების სიწორეში ეჭვიც კი არ ეპარება, „მამაპაპისეული გზით მიდის“ და არაფრის გულისთვის არ აპირებს ამ გზიდან გადახვევას.  ამასთან დაკავშირებით ერთი მაგალითი მახსენდება, როდესაც მშობლებმა იმის გამო, რომ რელიგია სისხლის გადასხმას უკრძალავდა, თავიანთი პატარა სასიკვდილოდ გაწირეს. როგორც მახსოვს მაშინ სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა მშობლებსა და სამედიცინო პერსონალს შორის სწორედ კულტურულ ნიადაგზე. რა უნდა იყოს გამოსავალი? გამართლებულია მედიატორის ჩარევა ამგვარ კონფლიქტში, ან ძალუძს მას ამის აღმოფხვრა? რა სტრატეგია უნდა შეირჩეს, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების რომელი ხერხი უნდა იქნას გამოყენებული, როცა იგნორირებულია მთავარი არგუმენტი - სიცოცხლის უფლება, რომელიც ყოველგვარ კულტურულ ღირებულებაზე მაღლა დგას? ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მაგალითია კულტურულ ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტებისა. სადაც გამოცდილი მედიატორის სტრატეგიებიც კი შესაძლოა უძლური აღმოჩნდეს. 
  როგორც ვხედავთ, კულტურული სახესხვაობები, და მათ საფუძველზე აღმოცენებული ტრადიციები, რიგ შემთხვევებში შესაძლოა სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდეს. გადაჭრის გზები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია. ამის მიზეზი კი მარტივია, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შესაბამისად ინდივიდუალურია მისი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები.



                                                                                 

  

No comments:

Post a Comment